როგორი უნდა იყოს ფსიქოლოგი? რა არის ფსიქიკური ჯანმრთელობა? როდის სჭირდება ადამიანს ფსიქოლოგი? ფსიქოლოგიის რომელი მიმდინარეობაა საუკეთესო?
ჩემთვის ეს თითქოს და აქტუალური კითხვები, დროსთან ერთად კარგავენ მნიშვნელობას.
მე ვაღიარებ ინდივიდს, მის მიზანს და მათ დამაკავშირებელ გზას. ფსიქოლოგი არის მეგზური ამ გზაზე. თუ ინდივიდი მარტო ვერ გადის ამ გზას, მას შეუძლია გაიაროს მეგზურთან ერთად. პროცესი უნდა იყოს საინტერესო და სასარგებლო, ხოლო გზა კი უმოკლესი და უსაფრთხო.

მე ვარ ნიკოლაი, ფსიქოთერაპევტი და ქოუჩი. მზად ვარ ვიყო თქვენი მეგზური და მიგიყვანოთ თქვენს სასურველ შედეგებამდე.
ფსიქოლოგია ჩემი ცხოვრების უმთავრესი ნაწილია. მივიღე უმაღლესი განათლება, გავიარე სხვადასხვა სახის სწავლებები, დავაგროვე პრაქტიკა და მაქვს საჭირო პროფესიონალური უნარები.
პირად ცხოვრებაში ერთი რიგით ადამიანი ვარ. ვცხოვრობ მშვიდი და თავმდაბლური ცხოვრებით. მიყვარს სპორტი, კინო, ცხოველები, ბუნება. ვარ პირდაპირი ადამიანი, ხშირად მაქსიმალისტიც. მჯერა სიკეთის, ვაღიარებ ბიროტების ბუნებრივობასაც. მსურს წვლილი შევიტანო გარემოს განვითარებაში, ბოროტების შემცირებაში და სიკეთის გავრცელებაში.
ერთმანეთის უკეთ გასაცნობად მინდა მოკლედ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია რამდენიმე საკითხის მიმართ:
აკადემიური სივრცე და ქაღალდების შეგროვება
მედიკამენტები
სითბო და ინფანტილური მდგომარეობა
ფასი
აუხსნელი ძალები და ეზოთერიკა
აკადემიური სივრცე და ქაღალდების შეგროვება
ძველად აკადემიური სივრცე იყო ადგილი სადაც კვლევის წყურვილით შეგროვილი ხალხი ერთმანეთს აღმოჩენებს უზიარებდა. პერიოდი როდესაც ახლის აღმოჩენა უმთავრესი პრიორიტეტი იყო. რა ხდება დღეს? ბიუროკრატიისა და კაპიტალიზმის ფონზე, აკადემიური სივრცე გახდა ადგილი სადაც წინასწარ იციან რა «იკვლიონ». წინასწარ იციან ფორმალური კვლევის შედეგები და უბრალოდ დგამენ ნაბიჯებს მშრალი სტატისტიკის შესაგროვებლად. სტატისტიკის გარდა აგროვებენ ქაღალდებს, იმაღლებენ კვალიფიკაციებს და ტრიალებენ ერთ წრეზე, ოღონდ ლამაზად შეფუთული სიტყვებით. უამრავი სერთიფიკატები და გავლილი კურსები, პრაქტიკაში კი მეტი პრობლემა, ყალბი თავდაჯერებულობა და არანაირი მეცნიერული პასუხისმგებლობა. მიმხვედრი მიხვდება 🙂
თანამედროვე აკადემიური სივრცის დიდ ნაწილს არ აქვს არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა და დაკარგულია მთავარი იდეა. ვისაც არ ეზარებოდა ყველამ მიმდინარეობა «შექმნა», მალე ცალკე ლექსიკონი დასჭირდებათ. საქმეს ისე ხლართავენ რომ ყველას ავიწყდება რას ემსახურება ეს საქმე. ვფიქრობ ეს გამიზნულად ხდება, სადღაც ვიღაცეებს აწყობთ პროგრესის გაჭიანურება და განათლებას და კვლევას მოწყურებული ხალხის სიცრუეში ცხოვრება. ეს საკითხი რთულია, ბევრიც შემეკამათება, მაგრამ მე კარგად მესმის რა რთულია იმ რეალობის უარყოფა რომელიც ამდენი ხანი ჭეშმარიტი იყო…
მედიკამენტები
სამწუხაროდ ბოროტული განზრახვები და სიხარბე ფსიქოლოგიასაც შეეხო. არიან ადამიანები, რომლებსაც აწყობთ რაც შეიძლება მეტი პრობლემის არსებობა. ადამიანები ვინც ქმნიან არასაჭირო მედიკამენტებს, აჯერებენ ხალხს მათ აუცილებლობაში, ჯადოსნურ ეფექტში და მალავენ უარყოფით მხარეებს. ეფექტი მართლაც არის, მაგრამ ვაი ეგეთ ეფექტს!
იცით რა არის ჩემთან მოსული ადამიანების ყველაზე ხშირი პირველი კითხვა?… რეცეპტის გამოწერა თუ შემიძლია?
ფსიქოლოგიური მედიკამენტები ძირითადად ერევიან ჰორმონალურ და ტვინის ბიოქიმიურ პროცესებში. ზოგიერთი მათგანი სისხლის მიმოქცევასაც ეხება. აფერხებენ ნეიროტრანსმიტერების დაშლას, ზრდიან კონცენტრაციას ან და ბლოკავენ რეცეპტორებს. ჩვენ გვაქვს არჩევანი: გარედან მიღებული ნივთიერებებით შევასუსტოთ ჩვენი საკუთარი ბიოქიმიური უნარები, თუ თავად გამოვიმუშაოთ მდგრადობა და არ ვიყოთ დამოკიდებული წამალზე. (აქ არ ვგულისხმობ ფსიქიატრიულ ქეისებს, სადაც საფრთხე ვინმეს სიცოცხლეს ემუქრება.) ვიტყვი მოკლედ და ნათლად. ნებისმიერი ფსიქოლოგიური ეფექტის მქონე მედიკამენტი არის გაქცევის მექანიზმი და ემსახურება ადამიანის დასუსტებასა და დაუძლურებას.
სითბო და ინფანტილური მდგომარეობა
ჩემი კარიერის დასაწყისში შევხვედრილვარ ისეთ ფსიქოთერაპევტებს რომლებიც მაძლევდნენ რჩევებს, თუ რა უნდა გგავაკეთო, რომ ადამიანმა რაც შეიძლება დიდი ხანი იაროს ჩემთან. თურმე არსებობს მთელი რიგი სწავლებები, რომლებიც ამზადებენ «გამყიდველ» ფსიქოლოგებს. და როგორ ხდება ეს…
განსაცდელში მოხვედრილი ნებისმიერი ცოცხალი არსება, ბაქტერიიდან დაწყებული ადამიანამდე, ყოველთვის ეცდება იყოს უსაფრთხო მდგომარეობაში. მიიღო რაც შეიძლება ნაკლები ზიანი, დახარჯო რაც შეიძლება ნაკლები ენერგია და იყო «დაჯილდოებული» არის უმთავრესი ინსტინქტური ეკონომიკა. რას სთავაზობს თანამედროვე ფსიქოლოგია? სითბოს, თანადგომას, უსაფრთხო გარემოს. და რატომ? იმიტომ რომ ადამიანი იყოს ფსიქოლოგიურ კომფორტში, იმიტომ რომ ადამიანს შენთან მოსვლის სურვილი ჰქონდეს (თან თუ წამლებზეა მითუმეტეს), იმიტომ რომ ადამიანი პასუხისმგებლობას ასე აირიდებს. ჩემთან მოსული ადამიანები გამოდიან უსუსურობის მდგომარეობიდან. აბალანსებენ აგრესიასა და სიყვარულს. იღებენ წარსულის ტკივილებს და აღარც მომავლის ეშინიათ. შედეგი კი ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია.
ფასი
იძახიან მუქთაზე ძმარიც ტკბილიაო :). მაგრამ უფასოდ მიღებული არც ტკბილი ძმარი არის მარგებელი, არც ინფორმაცია და არც დახმარება. ნებისმიერ სტიმულს აქვს არაცნობიერი ფასი და ეს ყოველთვის ფული არაა. «რა უნდა გავაკეთო ეგ რომ მივიღო?» და თუ ის ძნელი მისაღებია, მას მნიშვნელობაც ექნება. სხეული მეტ ენერგიას გამოყობს მის მისაღებად. იქნება მეტი ინტერესი და კონცენტრაცია. დღევანდელი ინტერნეტის ეპოქაში, როდესაც ხელში გვაქვს ნებისმიერი ინფორმაცია და რესურსი, ისინი აზრს კარგავენ. მაგალითად: შეიძლება მე ეტაპობრივად გავიგო როგორ გავაკეთო მარტივი X რაღაცა, მაგრამ ფუნდამენტურ საკითხებში მაინც ვერ ვიღებ სარგებელს და რთულ Y საქმეს ვერ ვეჭიდები. პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ასეა, რაც უფრო მეტია ინფორმაცია და ფსიქოლოგიურად ღრმა თემაა, მით უფრო ძნელია ნაბიჯის გადადგმა. ნებისმიერი მარტივად მიღებული თემა შეგვიქმნის წარმოდგენას, რომ ჩვენ ეს ვიცით მაგრამ პრაქტიკაში უფრო და უფრო რთული იქნება გამოყენება. თუ არ ჩაიდო რესურსი, არც მოქმედებისთვის საჭირო მოტივაცია გვექნება. ამიტომაც ფასდაკლება ან უფასოთ გაკეთებული საქმე უფრო საზიანო იქნება ვიდრე სასარგებლო.
აუხსნელი ძალები და ეზოთერიკა
ეს საკითხი ჩემთვის ალბათ ყველაზე ახსნადი და ყველაზე აბსურდულია, მაგრამ ყურადღების გამახვილება მაინც საჭიროდ მიმაჩნია. ასტროლოგია, ნუმეროლოგია, ტარო, ფიზიოგნომიკა და კიდევ უამრავი «ლოგია» რომელიც მანიპულაციური გზებით ცდილობს სუსტი ფსიქიკის მქონე ხალხზე მოქმედებას. დააჯეროს, რომ თუ მიყვება მის წესებს ყველაფერი კარგად იქნება. წინასწარმეტყველება არის ადამიანის ერთ-ერთი ინსტინქტური გადარჩენის მექანიზმი და ყველაფერი ის რაც გვთავაზობს სამყაროს წინასწარმეტყველებას, ჩვენთვის მიმზიდველი ხდება. ხოლო ის სფეროები რომლებიც ამას ემოციურად შვრებიან და არა ფაქტებით არის ტყუილი! მე ვიბრძვი საზოგადოებრივი ინტელექტის ამაღლებისთვის. ვეცდები ჩემს სამომავლო ნაშრომებში კარგად ავხსნა ის ფსიქიკური მახეები, რომლებშიც სამწუხაროდ მოქცეულია უმრავლესობა.